ბატონო ნუკრი,
გაცნობებთ, რომ (სსიპ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში, საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებს 14-18 წლის 500-მდე მოზარდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში და გეგმავს პროექტის განხორციელებას „მომავლის ბანაკი“, რომლის ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი დაისვენებს. პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ მოინახულონ საქართველო, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, დაათვალიერონ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, გაეცნონ ქართულ ტრადიციებსა და ყოფას, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ- ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ შედგება ახალგაზრდულ ბანაკში დასვენების მსურველთა სია. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი, ხოლო კანდიდატების შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება დევნილის სტატუსის მქონე და, ასევე, იმ მოზარდებს, რომლებიც არ არიან ნამყოფი საქართველოში და/ან აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მოზარდების დახვედრისა და ბანაკში/ბანაკიდან გაცილების ორგანიზება განხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხლებით. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. საქართველოში ჩასვლის ხარჯები არ ანაზღაურდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, 1 მაისამდე მოგვაწოდოთ სასურველი კანდიდატების სია ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობის მსურველთა შესახებ, შესაბამისად შევსებული ანკეტის სახით. დამატებით გიგზავნით ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ დასვენების მსურველი თანამემამულე მოზარდის შესარჩევ ანკეტას, ასევე, ბანაკის აღწერას (ბანაკის საიმიჯო ვიდეო-რგოლი:www.youtube.com/watch?v=dzvmd6uYEY8), პროგრამას და მენიუს. აქვე გაცნობებთ, რომ კანდიდატების შერჩევის შემდგომ, დამატებით წარმოსადგენი იქნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტით) (იხილე დანართი).
Zurab Sinjaradze
Vice Consul
Georgian Interests Section
Moscow